მწერლები: "სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს ჟიურიდან მის მიერ დანიშნული წევრი"
29/07/2021 17:25:09 საზოგადოება
მწერლები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს გაწვეული სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი პრემია "ლიტერას" კონკურსიდან, რათა ეჭვქვეშ აღარ დადგეს ჟიურის მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი.
"ჩვენთვის, „ლიტერას“ გრძელ სიაში შემავალი ავტორების, დიზაინერებისა და გამომცემლებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, როგორც „ლიტერას“, ასევე, „ლიტერა მთარგმნელებისთვის“, დამოუკიდებელი ჟიურის წევრად, სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქმედება სამინისტროს მხრიდან ლიტერატურულ პროცესებში ერთმნიშვნელოვანი და უხეში ჩარევაა, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს ჟიურის დანარჩენი წევრების თავისუფალ მუშაობას, არამედ მიუთითებს ლიტერატურულ პროცესებში გაუმართლებელი მონაწილეობისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე ზეწოლის უფრო ფართომასშტაბიან საფრთხეებზე. მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს მის მიერ დანიშნული წევრი ჟიურიდან. „ლიტერა“ სახელმწიფო პრემიაა და მისი ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ შეიძლება დადგეს", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:
- თამთა მელაშვილი
- მიხეილ ციხელაშვილი
- ივა ფეზუაშვილი
- ბათუ დანელია
- რუსუდან რუხაძე
- შოთა იათაშვილი
- ეკატერინე ტოგონიძე
- ეკა ქევანიშვილი
- თათია ნადარეიშვილი
- ია გაბუნია
- ია მახათაძე
- თაკო ბაქრაძე
- ბელა ჩეკურიშვილი
- ალეკო შუღლაძე
- თეონა დოლენჯაშვილი
- არჩილ ქიქოძე
- თინა მამულაშვილი
- რატი მუჯირი
- ელის დოჯსონი
- ლელა ლაშხი
- ნინია სადღობელაშვილი
- ნიკოლოზ ცისკარიშვილი
- ანდრო დადიანი
- ზვიად კვარაცხელია
- ბექა ქურხული
ცნობისთვის: წელს პირველად ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 20-მდე კონკურსანტმა პროტესტის ნიშნად საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა. ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.


