Accentnews.ge
TDI: "საქართველოში მყოფი მიგრანტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება დაუსაბუთებელი უარი ბინადრობაზე"

TDI: "საქართველოში მყოფი მიგრანტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება დაუსაბუთებელი უარი ბინადრობაზე"

29/07/2021 15:00:11 საზოგადოება

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” (TDI) აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც საქართველოში უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.

“2020-2021 წლებში საქართველოში მყოფი მიგრანტებისთვის კვლავ პრობლემად დარჩა სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით დაუსაბუთებელი უარის მიღების პრაქტიკა ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესში”, — ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში 2020 წლიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და აღწერს პრობლემებს, რომელთაც უცხოელები კოვიდპანდემიის პირობებში თუ მის მიღმა გადააწყდნენ.

დოკუმენტის თანახმად, საერთო ჯამში, ბინადრობის ნებართვის იმ 2,018 განაცხადიდან, რომლებიც გასულ წელს არ დაკმაყოფილდა, 1,907 (94%) სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზებს ემყარებოდა.

როგორც TDI–ში აცხადებენ, ბინადრობასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რომელთაც თავშესაფრის მაძიებლები და სხვები აქამდეც აწყდებოდნენ, გასული წლიდან დაემატა პანდემიის გამო გამკაცრებული საკანონმდებლო რეგულაციებიც, რომლებმაც კიდევ უფრო გაართულა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლისა და კანონიერად ცხოვრების პირობები.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მოტივით, ბინადრობის ნებართვაზე უარს წლების განმავლობაში სახელმწიფო ერთგვარ ბერკეტად იყენებს და ამ გზით ხელოვნურად აკავებს მიგრანტთა ნაკადს. ამ პრაქტიკას სახელმწიფო ყველაზე ხშირად აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავს. 2021 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების პირობები, რის გამოც უამრავი ადამიანი ვეღარ შეძლებს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთებას, ქვეყნიდან გაძევების საფრთხე კი სულ უფრო მეტ ადამიანს ემუქრება. არსებული სტატისტიკისა და სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს საფრთხე კვლავ აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ", – ნათქვამია ანგარიშში.

პანდემიით გამოწვეული პრობლემების ნაწილში TDI უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პერიოდში მათ მიმართ გაიზარდა ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განწყობები:

“კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში იმატა სიძულვილის ენის გამოყენების, დისკრიმინაციის და ქსენოფობიის შემთხვევებმა. ხშირად სწორედ მიგრანტებს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში, ისინი ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, სოციალური გარიყვის, დისკრიმინაციის მსხვერპლი. არსებული სტიგმისა და ქსენოფობიის გამო, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა შესაძლოა თავი შეიკავონ სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობის და ზოგადად, ჯანდაცვის სერვისების მიღებისგან. ეს კი გაზრდის როგორც ვირუსის გავრცელების რისკს, ისე საფრთხის ქვეშ დააყენებს ამ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”.

TDI-მ ინტერვიუები ჩამოართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ორგანიზაციის ცნობით, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საუბრობენ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდაზე, როდესაც ისინი აგრესიის მსხვერპლი ხდებიან ეროვნული ნიშნით; რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ისინი ან მათი ნაცნობები ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდნენ კომერციულ დაწესებულებებშიც (აფთიაქი, მაღაზია და სხვ.); რესპონდენტები საუბრობენ აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ქსენოფობიასა და აგრესიაზე საზოგადოებაში, რაც განპირობებულია საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მათი ასოცირებით ჩინეთთან და კორონავირუსთან; უცხოელები, განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ბინის დაქირავებისას, როდესაც გამქირავებელი ქსენოფობიური მოტივით მათ უარს ეუბნება ბინის ქირაობაზე. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა პანდემიის პერიოდში, რაც რიგი პრობლემების წინაშე აყენებთ მათ.

როგორც TDI–ში აცხადებენ, რასობრივი დისკრიმინაციისა და თანასწორუფლებიანობის დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითებს. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია არარსებობა მექანიზმისა, რომლითაც საქართველო თავის საზღვრებში მყოფ მოქალაქეებს რასობრივი დისკრიმინაციისგან ეფექტურად დაიცავდა.

გარდა ამისა ანგარიშში აღნიშნულია, რომ პანდემიის პირობებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, უცხოელებისთვის სიახლეები არ იყო სრულყოფილად სისტემატური და თავმოყრილი ერთ სივრცეში. შესაბამისად, უცხოელებს უჭირდათ ინფორმაციის მოძიება და მისი გაანალიზება.

"პანდემიის დროს სახელმწიფო სერვისების უდიდესი ნაწილის ონლაინსივრცეში გადასვლის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუარესდა უცხოელების წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. მათ დაბრკოლება შეექმნათ ასევე ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობისას", – ნათქვამია ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S