"მინდა, შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ"
29/07/2021 10:07:24 პოლიტიკა
“მინდა შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ“,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს.
“შეშფოთებულები ვართ ჩვენც, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. მინდა, შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც მუდმივად ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს ნაცმოძრაობამ და მის ირგვლივ შემოკრებილმა რამდენიმე სუბიექტმა. არ შეიძლება, იყო იმ შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის შემქმნელი. ამას გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


