ამერიკელი სენატორები თბილისს კრემლისთვის მომგებიანი შედეგების შესახებ აფრთხილებენ
29/07/2021 05:41:42 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებულია.
რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც 28 ივლისს საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.
ამერიკელი სენატორების შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები "ძირს უთხრის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების ძალისხმევას".
„აშშ-მა ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად, რათა გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სენატორები აღნიშნავენ, "საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან დროს კიდევ უფრო დიდი იმედგაცრუება იყო „ქართული ოცნების“ განზრახვა, ცალმხრივად თქვას უარი 19 აპრილის შეთანხმებაზე".
მათივე შეფასებით, დიდწილად სწორედ მმართველი პარტიაა ვალდებული, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოებები და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს.
სენატორების მოწოდებაა ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანონის უზენაესობის განმტკიცებისადმი განუხრელი ერთგულება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერად განხორციელება.
"საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანებისაკენ და დააზიანოს აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ასეთი შედეგი კი მხოლოდ კრემლისთვისაა მომგებიანი".
განცხადებას ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
იხილეთ ასევე: კრამერი: „სანქციების დროა, რათა „ქართულ ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ საკმარისია!“
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".


