რა სცენარებისთვის ემზადება ჯანდაცვის უწყება
28/07/2021 07:52:05 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვიდსიტუაციის მხრივ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი“.
მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის გამოთვლებით არსებობს მოვლენათა განვითარების ორი სცენარი: პირველი სცენარის მიხედვით, ქვეყანა ახლა იმყოფება პიკის პერიოდში და მომდევნო დღეებში უნდა ველოდოთ კოვიდმაჩვენებლის დაღმასვლას, მეორე ვერსიით კი სწორედ ახლა იწყება აღმავალი პერიოდი.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ყურადღებით აკვირდება და მართავს სიტუაციას, რის შესაბამისადაც მიღებული იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, სისტემისთვის კრიტიკული ზღვარი იქნება კლინიკებში 8000 პაციენტი. ამჟამად მათი რაოდენობა 5500-მდეა. ჯანდაცვის უწყება კლინიკებში დატვირთვის შესამცირებლად მაქსიმალურად აპირებს კოვიდ–სასტუმროების ათვისებას და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში განიხილება საველე ჰოსპიტლების მოწყობა.
28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3141 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აცრილია 14 210 პირი.
NCDC-ს ცნობით, 27 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 418 398 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.


