ისრაელის საელჩო არასწორს უწოდებს ცნობას „ქართული შტამის“ დაფიქსირების თაობაზე
28/07/2021 07:54:01 საზოგადოება
საქართველოში ისრაელის საელჩო არასწორ ცნობას უწოდებს ისრაელში კორონავირუსის „ქართული შტამის“ დაფიქსირების თაობაზე. საუბარია საქართველოში მოგზაურობის ისტორიის მქონე 10–ზე მეტ პირზე, რომელთაც „დელტა +“–ით ინფიცირება დაუდასტურდათ, თუმცა რიგმა მედიასაშუალებებმა მას „ქართული შტამი“ უწოდეს. რაც გულისხმობს, რომ კორონავირუსმა მორიგი მუტაცია საქართველოში განიცადა.
ინფორმაციისთვის: „დელტა +“ ე.წ. „ინდური შტამის“ ქვე–შტამია, რომელიც მეტი გადამდებლობით და აგრესიულობით ხასიათდება.
“აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება. ჩვენც ვცადეთ პირდაპირ ამ სტატიის ავტორთან დაკავშირება, მაგრამ ჯერ ვერ მოხერხდა. თუმცა თავად ამ სტატიის (შესაბამისი თარგმანის) საფუძველზე, არ იგულისხმება, რომ ახალი - დელტა პლიუსის ქართული შტამი/ვარიანტი გაჩნდა. აქ საუბარია, რომ დელტა + ის ამ ვარიანტის რამდენიმე წყარო საქართველოდან შემოსული ტურისტია. ტექსტიდან არ ჩანს, რომ ეს ახალი/ქართული შტამია.
ისრაელის ჯანდაცვის საიტზეც ახალი/ქართული შტამის შესახებ ინფორმაციას არ დევს (ამ დროისთვის); და ზოგადად, რაიმე ახალი რომ დაფიქსირებულიყო, წესით ჯანმოს გადაუგზავნიდნენ და ისინი გამოაცხადებდნენ ცნობას ახალი შტამის შესახებ (რაც არ მომხდარა). ასევე ისრაელის პრესაში არის სტატიები სადაც წერენ დელტა + ის სხვა ქვეყნებიდან შეტანაზეც (მაგალითად,ინგლისიდან შესულ მგზავრებზე)“,– უთხრეს „აქცენტს“ საელჩოში თემის კომენტირებისას.
საკითხზე კომენტარი ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც გააკეთეს.
„არავითარი „ქართული შტამი“ არ არის: ეს არის ჩვეულებრივი „ინდური შტამი“ – „დელტა +“ ჰქვია – მოგეხსენებათ, ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან და კლასიკურ დელტას აქვს ქვე–შტამი. „დელტა + “ სეკვენირებით ჩვენთანაც გაშიფრულია – ორი შემთხვევა გვაქვს“,– განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა საქართველო კორონავირუსის გავრცელების გამო, „წითელ ზონაში“ შეიყვანა. ისრაელის მოქალაქეებს 30 ივლისიდან საქართველოში მოგზაურობა ეკრძალებათ.


