ნანა გეგეჭკორი: "ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?!"
27/07/2021 15:48:35 საზოგადოება
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დაიჯერონ, რომ Covid-19 არ არის გრიპი.
„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტალებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?
ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობაკ ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?
სანამ დროა, იქნებ, მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ, როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს", – წერს გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3666 შემთხვევა გამოვლინდა.
"ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია. ჩვენ ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე ეს იყო მესამე ტალღის პიკზე მაისში. განსხვავება ისაა, რომ მაშინ ვაქცინები ხელმისაწვდომი არ იყო, დღეს ამის საშუალებაა",– განაცხადა NCDC–ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.


