Accentnews.ge
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

27/07/2019 06:32:22 სხვა, სამართალი

დიღმის მთავარ სამმართველოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

როგორც ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა, ირაკლი ოქრუაშვილს პოზიცია არ შეუცვლია, ის დანაშაულს არ აღიარებს.

"ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას. 

რაც შეეხება მტკიცებულებებს, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ეყრდნობა ბრალდება, ეს არის როგორც ყოველთვის პოლიციელთა, სპეცრაზმელთა ჩვენებები და სხვა არაფერი. რაც შეეხება აღკვეთს, სწორი პოზიცია ის იქნება, რომ აღკვეთის გარეშე დატოვოს სასამართლომ, თუმცა რეალობას თუ შევხედავთ, პატიმრობას თუ ასცდება, არ არის გამორიცხული, როგორც მელიას შემთხვევაში, სამაჯურით და სხვა ფორმის აკრძალვებით რომ გააჩერონ და სახლიდან არ გამოვიდეს. არ ვართ თანახმა ამ აკრძალვების. ფაქტობრივად, ეს მისთვის იქნება ციხეში ჯდომის ტოლფასი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით 25 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S