ავღანეთის შემდეგ აშშ მიმდინარე წელს საბრძოლო მისიის დასრულებას ერაყშიც აანონსებს
27/07/2021 11:32:42 მსოფლიო
ავღანეთის შემდეგ აშშ მიმდინარე წლის ბოლომდე საბრძოლო მისიის დასრულებას ერაყშიც აანონსებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელი სამხედროების წვრთნასა და მათთვის რჩევის მიცემას მისიის დასრულების შემდეგაც განაგრძობენ", – განაცხადა ბაიდენმა.
2003 წელს აშშ-ის მეთაურობით საერთაშორისო კოალიციის ძალები ერაყში შევიდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის აღმოსაფხვრელად, რომლის არსებობაც მოგვიანებით არ დადასტურდა.
აშშ-მა ერაყიდან საბრძოლო ჯარები 2011 წელს გაიყვანა, თუმცა, 3 წლის შემდეგ, ერაყის მთავრობის თხოვნით, კვლავ შეიყვანა, ვინაიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში სწრაფად გააქტიურდნენ. 2017 წელს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო მარცხის შემდეგ, აშშ-ის ძალები ქვეყენაში მათი კვლავ აღზევების თავიდან ასაცილებლად დარჩნენ. ამჟამად ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ აშშ წელს ავღანეთის მისიასაც ასრულებს. ამერიკული კონტინგენტი ქვეყანას 31 აგვისტოსთვის დატოვებს.


