ტატო გრიგალაშვილმა ტოკიო-2020-ზე მეხუთე ადგილი დაიკავა
27/07/2021 11:21:28 საზოგადოება
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 21 წლის ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი რეპეშაჟის ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა და ტოკიო-2020-ზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
ძირითად ბადეში ტატო გრიგალაშვილმა ტაჯიკი აკმალ მუროდოვი და სამხრეთკორეელი სუნგჰო ლი დაამარცხა და უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მონღოლეთის ნაკრების წევრ საიდ მოლაისთან წაგებით. ბრინჯაოს გზაზე კი, კასესთან დაჭიდებამდე, უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს აჯობა.
81 კილოგრამში ჩემპიონი იაპონელი ტაკანორი ნაგასე გახდა, საიდ მოლაის ძლევით, ბრინჯაოს მედლებს კი მატიას კასე და ავსტრიის სახელით მოჭიდავე შამილ ბორჩაშვილი დაეუფლნენ.
ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 28 ივლისს კონკურენციაში ლაშა ბექაური (90 კგ) ჩაებმება, 29 ივლისს - ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), 30-ში - გურამ თუშიშვილი (+100 კგ).


