Accentnews.ge
დატბორილი სახლები, დაზიანებული მანქანები, გატაცებული ხიდები, გადადებული ფრენა – დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან

დატბორილი სახლები, დაზიანებული მანქანები, გატაცებული ხიდები, გადადებული ფრენა – დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან

27/07/2021 10:20:12 რეგიონები, საზოგადოება

უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. კერძოდ, უხვი ნალექის გამო დატბორილია ბათუმის 100-ზე მეტი გზაჯვარედინი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

განსაკუთრებით რთული ვითარება ე.წ ჭაობის დასახლებასა და აღმაშენებლის ქუჩაზეა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და კომერციული ფართები, დაზიანებულია ტექნიკა.

დაიტბორა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის ''ნული სართული''. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. „უპატრონო ბათუმის'' მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ შენობაში წყალი დგას.

''უხვი ნალექის გამო, მოხდა სანიაღვრე არხების გადატვირთვა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნულ სართულზე (ტექნიკურ სივრცეში) მოხდა სანიაღვრე წყლის შედინება. საავადმყოფოს ტექნიკური ჯგუფი მუშაობს პრობლემის აღმოფხვრაზე. მომხდარის გამო საავადმყოფოს მუშაობას შეფერხება არ ჰქონია. ვაგრძელებთ სრული დატვირთვით მუშაობას'' - აცხადებენ კლინიკაში.

უამინდობის გამო კიევი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისში დაჯდა. მიზეზი ძლიერი წვიმა და ნისლი გახდა. მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

დაგეგმილი იყო რეისი ბათუმიდან-კიევის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული ფრენაც დაგვიანებით შესრულდება.

აეროპორტში აცხადებენ, რომ რამდენიმე წუთის წინ თვითმფრინავი ბათუმისკენ გამოფრინდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილ რეისებს, შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ბათუმში ამ დროისთვისაც წვიმს.

სტიქიის შედეგებს ებრძვიან სამეგრელოშიც. სავარაუდოდ, უხვი ნალექის გამო, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე ხე წაიქცა და რამდენიმე მანქანა მოიყოლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილებში არავინ იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მუშაობენ.

უხვი ნალექის შედეგად ჭითაწყარში, თბილისის ქუჩაზე, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სავარგულები. ადგილობრივები წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად საწრეტი არხის არარსებობას ასახელებენ.

წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტში.ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დროებით დაკეტილი იყო ცენტრალური გზა. ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია.

უხვი ნალექის გამო პრობლემებიარა ჭაში, ქვემო და ზემო სვანეთშიც: დაზიანებულია ცენტრალური გზა, გატაცებულია სამი ხიდი, რის გამოც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სამი თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

"ტელეფონით მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს. დაწყებულია სამუშაოები, მძიმე ტექნიკა უკვე ამოსულია. ცენტრალურ გზაზე წაღებულია ცენტრალური ხიდი და მასთან მისასვლელი გზის 70-მეტრიანი მონაკვეთი, რის გამოც მოხდა იმ 20 სოფლის იზოლაცია", - ამბობს ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანმა.

მერი ამბობს, რომ პირველ რიგში ცდილობენ წყალტუბო-ლენტეხი-ლასლიდის ცენტრალური გზა აღადგინონ, რათა ადგილობრივებთან კომუნიკაცია დაამყარონ.

რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, უხვი ნალექის შედეგად მესტია- უშგულის გზა დაიმეწყრა, წაქცეულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანებულია ელექტროსადენები, უშგული მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

პრობლემებია მულახის თემში, ასევე სოფლებში – ადიშსა და ბეჩოში, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ხიდბოგირები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიამ გზები დააზიანა რაჭაშიც.

ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S