„არავითარი „ქართული შტამი“ არ არის“ – გამყრელიძე საქართველოში ინფიცირების და ისრაელში გამოვლენილ შემთხვევებზე საუბრობს
27/07/2021 07:51:00 საზოგადოება
არავითარი „ქართული შტამი“ არ არის,– ასე ეხმიანება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისრაელში კორონავირუსის „ქართული შტამის“ გამოვლენის თაობაზე.
„ეს არის ჩვეულებრივი „ინდური შტამი“ – „დელტა პლუსი“ ჰქვია. კლასიკურ დელტას აქვს ქვე–შტამი – მოგეხსენებათ ეს ვირუსები ხშირ მუტაციას განიცდიან. „დელტა პლუსი“ სეკვენირებით ჩვენთანაც გაშიფრულია – ორი შემთხვევა გვაქვს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას გამყრელიძემ და დასძინა, რომ “დელტა პლუსის“ შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება.
გამყრელიძის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, „დელტა პლუსს“ არავითარი განსხვავებული მახასიათებლები არ აქვს და ის დელტას მსგავსად სწრაფად ვრცელდება.
NCDC–ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 40–50% „ინდურმა შტამმა“ ჩაანაცვლა.
ცნობისთვის: ისრაელის მედიის ცნობით, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრულებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა, მათგან 10–საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, "დელტა პლუს" შტამი არის თუ არა "დელტა" შტამზე უფრო გადამდები.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ გადავა „წითელი“ ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.


