თეა ახვლედიანი: "აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო"
27/07/2021 05:46:47 საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ხუთი პირის ნეშთი გადმოასვენეს. ამის შესახებ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ეტაპისთვის მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის კონკრეტულ გზებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შემდგომი განხორციელება, მისი ეფექტიანობის გაზრდა იმისთვის, რომ დარჩენილი 2300-ზე მეტი ოჯახი, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გაურკვევლობაში მათი ახლობლების ხვედრის და ადგილსამყოფელის თაობაზე, რომ დავასრულოთ ეს მოლოდინი. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო, რომელთა დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს პერიოდში განხორციელდება“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-ანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი. ამ დრომდე, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის შედეგად, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 206 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი.


