აშშ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს
27/07/2021 05:42:10 მსოფლიო
შეერთებული შტატების ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას ამ ეტაპზე არ გეგმავს. აღნიშნულის მიზეზად „დელტა“ ვარიანტის გავრცელება და ახალი შემთხვევების ზრდა სახელდება.
„იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო არსებობს, სამოგზაურო შეზღუდვებს ძალაში ვტოვებთ. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირაა, იზრდება, განსაკუთრებით განსაკუთრებით – არავაქცინირებულ ადამიანებში“, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
შეერთებულ შტატებში ამჟამად აკრძალულია აშშ-ის არამოქალაქე იმ პირების შესვლა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ გაერთიანებულ სამეფოში, შენგენის 26 ქვეყანაში ან ირლანდიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ირანსა და ბრაზილიაში. ამასთან, გასულ კვირაში აშშ–მა სახმელეთო საზღვრები კანადასა და მექსიკასთან არააუცილებელი მოგზაურობისთვის, მინიმუმ 21 აგვისტომდე ჩაკეტა.
აშშ – ში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 53% –ით გაიზარდა, ინფიცირების ახალი შემთხვევების 80% „დელტა“ ვარიანტზე მოდის.


