Accentnews.ge
რა დახმარებას ჰპირდება აშშ ავღანეთს ქვეყნიდან გასვლამდე და გასვლის შემდეგ

რა დახმარებას ჰპირდება აშშ ავღანეთს ქვეყნიდან გასვლამდე და გასვლის შემდეგ

26/07/2021 08:00:10 მსოფლიო

აშშ ავღანეთის სამთავრობო ძალებს დახმარებას როგორც ამერიკული კონტინგენტის ქვეყნიდან გასვლამდე, ისე გასვლის შემდეგ ჰპირდება. ამის შესახებ აშშ–ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერლის კენეტ მაკკენზის მიერ ქაბულში გამართული პრეს–კონფერენციიდან ირკვევა.

გენერალი კენეტ მაკკენზი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავია იერიშებს განაგრძობს:

„შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზარდა საჰაერო თავდასხმების სიხშირე ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა უახლოეს კვირებში, თუ თალიბები განაგრძობენ შეტევებს“.

მისივე თქმით, "აშშ ავღანეთის საჰაერო ძალების ლოგისტიკურ მხარდაჭერას 31 აგვისტოს შემდეგაც განაგრძობს", – ანუ მას შემდეგაც, რაც ავღანეთში აშშ–ის სამხედრო მისია დასრულდება.

როგორც გენერალმა აღნიშნა, ავღანეთის მთავრობას წინ რთული დღეები ელის.

"თალიბები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ მათი სამხედრო კამპანია გარდაუვალია. ეს მცდარი განცდაა. "თალიბანის" გამარჯვება გარდაუვალი არ არის", – განაცხადა მაკკენზიმ.

ბოლო პერიოდში ყანდაჰარისა და ჰელმანდის პროვინციებში აშშ-ის სამხედროებმა "თალიბანის" სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. მოგვიანებით, მომხდარს "თალიბანმა" "ბარბაროსული თავდასხმები" უწოდა და დაიმუქრა, რომ აღნიშნულს "შედეგები მოჰყვება".

ქვეყნის რა ნაწილს აკონტროლებს ამ დროისთვის "თალიბანი"

აშშ–ისა და ნატო–ს მისიის ფარგლებში ავღანეთში მყოფი სამხედროების ქვეყნიდან გამოსვლის პარალელურად, თალიბებმა ავღანეთის სხვადსხვა რეგიონებზე კონტროლის დამყარება დაიწყეს.

როგორც თავად "თალიბანი" ირწმუნება, ქვეყნის ტერიტორიის 85%–ს უკვე აკონტროლებს. თუმცა ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ თალიბები ავღანეთის 400 ოლქიდან მესამედს აკონტროლებენ.

რა თქვა ბაიდენმა

8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთს დაგეგმილზე ადრე – 31 აგვისტოსთვის დატოვებს.

"მე არ გავგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთში. [...] ახლა ავღანელებმა თავად უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა", განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, იგი აცხადებდა, რომ ამერიკული კონტინგენტი ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებდა. თუმცა როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პენტაგონის მონაცემებით, გამოსვლა უსაფრთხოდ და ისეთი ტემპებით მიმდინარეობს, რომ ამერიკელები ქვეყანას იკვე 31 აგვისტოსთვის დატოვებენ.

Associated Press–ის ინფორმაციით, ავღანეთში დაახლოებით, 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დარჩენა იგეგმება, რათა უზრუნველყონ დიპლომატებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვა.

გეგმის მიხედვით, ნატო–მ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.

ავღანეთი და საქართველო

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში პირველად, 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.

2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000–ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S