Accentnews.ge
წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ბენზინის ბობმები – რა ხდება საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაციის გამოცხადების შემდეგ

წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ბენზინის ბობმები – რა ხდება საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში მოსახლეობის ნაწილისთვის სავალდებულო ვაქცინაციის გამოცხადების შემდეგ

25/07/2021 08:36:36 მსოფლიო

24 ივლისს ევროპის რიგ ქვეყნებში ათასობით ადამიანმა სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება გააპროტესტა.

ფრანგული მედიის ცნობით, მასშტაბური აქციები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და ქალაქებში – მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში, 160 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომლებიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ. აქციაზე გამოჩნდა პლაკატები წარწერით: "მაკრონი ტირანია".

პროტესტი შეტაკებებში გადაიზარდა და სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა პოლიციის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ აქციებზე ცხრა დემონსტრანტი დააკავეს.

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აგვისტოდან სავაჭრო ცენტრებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში შესვლის მსურველმა მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხები უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაბამის დაწესებულებებში შესვლას ვერ შეძლებენ.

ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ შესაბამისი კანონპროექტს უკვე დაუჭირა მხარი. ახლა ის სენატმა უნდა განიხილოს.

მანამდე, ქვეყანაში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. სწორედ გაუარესებულ ეპიდვითარებას ასახელებს ქვეყნის ხელისუფლება ახალი რეგულაციების დაწესების მიზეზად.

25 ივლისს დემონსტრაციები გაიმართა დასავლეთ ევროპის კიდევ ერთ ქვეყანა იტალიაში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტურინიდან ნეაპოლამდე ათასობით ადამიანი აპროტესტებდა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა ვაქცინაციის სერტიფიკატის, კორონავირუსის უარყოფითი ტესტის ან დაავადებისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის გარეშე არ შეეძლება.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ფრაზებს: "თავისუფლება!" და "ძირს დიქტატურა!".

სერტიფიკატი, სახელწოდებით "მწვანე პასპორტი", იტალიაში სავალდებულო 6 აგვისტოდან იქნება. იტალიელებს, რომელთაც სურთ, ეწვიონ რესტორნებს, მუზეუმებს, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებს, მოუწევთ აღნიშნული სერტიფიკატის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაბამის დაწესებულებებში შესვლას ვერ შეძლებენ.

იტალიის პრემიერ–მინისტრმა მარიო დრაგიმ ახალი რეგულაციების შემოღების მიზეზად ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის ("დელტა") გავრცელება დაასახელა.

”დელტას ვარიანტი კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე სხვა ვარიანტი. "მწვანე პასპორტი" აუცილებელი პირობაა, რომ არ გაჩერდეს ეკონომიკა. ვაქცინაციის გარეშე მოგვიწევს, რომ ყველაფერი კვლავ დაიხუროს", - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთშიც გააპროტესტეს. ათენში, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით, 4000 ადამიანი შეიკრიბა.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც ერთ–ერთმა ბერძენმა ოფიციალურმა პირმა Reuters- ს განუცხადა, დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცველების მისამართით ბენზინის ბომბებს ისროდა.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში მედპერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მედიკოსებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ გამორიცხა:

"არის ბევრი ქვეყანა, რომელმაც ეს საკითხი დააყენა. საფრანგეთმა ჩვენზე ადრე დაიწყო ვაქცინაცია და ვფიქრობ, იქ ნებაყოფლობითი რესურსი ყველა მიმართულებით ამოიწურა და ჩვენთან ეს რესურსი ჯერ ამოწურული არ არის, ჩვენ შედარებით გვიან დავიწყეთ ეს პროცესი. არ იყო ვაქცინის არჩევანი, არ იყო ვაქცინები საკმარისი. უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში აგვისტოს ბოლომდე. შემდეგ შეიძლება, აქტიურად ვიმსჯელოთ კოლეგებთან ერთად. რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროს აქტივობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაიზრდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S