2 საათში “ფაიზერზე” 107 157 მოქალაქე დარეგისტრირდა
24/07/2021 12:00:11 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ 2 საათში “ფაიზერის” კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სურვილი 110 000–მდე მოქალაქემ დააფიქსირა.
მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 107 157 ადამიანი დარეგისტრირდა.
როგორც მან აღნიშნა, პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, ხალხის დიდი ნაკადის გამო, რეგისტრაციის საიტი booking.moh.gov.ge შედარებით ნელა მუშაობდა, თუმცა რამდენიმე საათში ეს პრობლემები სრულიად მოიხსნა.
„ამჟამად საიტის მუშაობაში არანაირი შეფერხება არ შეინიშნება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიტის მუშაობა გადაყვანილია ახალ რეჟიმზე, რომელიც ითვალისწინებს შეყვანილი მონაცემების ვალიდაციისთვის 24-საათიან პერიოდს. ამდენად, მოქალაქე, როდესაც დარეგისტრირდება საიტზე, ის მიიღებს დასტურს, რომ მისი მონაცემები მიღებულია და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს საბოლოო დასტურს რეგისტრაციის შესახებ. „ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის მომზადებულია 37 დაწესებულება, ამ დროისთვის მობილიზებულია 110 ბრიგადა, რომელთა ნაწილი მუშაობს 12-საათიანი მუშაობის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გარკვეული მოლოდინი იმის თაობაზე, რომ „ფაიზერზე“ ვაქცინაცია ძალიან აქტიური იქნებოდა, რადგან მოქალაქეების ნაწილმა თავიდანვე გამოაცხადა თავისი არჩევანი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული ბარიერი. თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე, ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებზე. „ფაიზერის“ ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- აღნიშნავს გაბუნია.
მოქალაქეებს რეგისტრაცია პორტალზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ "ცხელ ხაზზე" 1522.
“ფაიზერზე” რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.
“ფაიზერის” 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.


