კვლევა – რამდენად დაცულნი არიან "ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორივე დოზით აცრილი პირები "დელტა" შტამისაგან
23/07/2021 14:28:14 საზოგადოება
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს თანახმად, „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია.
სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, „ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ (ე.წ. ინდური შტამი) ვარიანტის წინააღმდეგ. „ალფა“ (ე.წ. ბრიტანული შტამი) ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.
ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით ეფექტურია, „ალფას“ წინააღმდეგ - 74.5%-ით ეფექტური.
მანამდე არსებული კვლევის შედეგების თანახმად, „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტური იყო.
„დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, ამჟამად მსოფლიოს 124 ქვეყანაში ცირკულირებს.


