აშშ–სა და კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს (ვიდეო)
23/07/2021 11:09:28 მსოფლიო
აშშ–ში, 13 შტატში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ამ დროისთვის ცამეტივე შტატში მასშტაბური ცეცხლის 80–ზე მეტი აქტიური კერაა.
ყველაზე რთული ვითარება ორეგონის შტატშია, სადაც ტყის ხანძრის შედეგად 364 000 აკრზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. ხანძართან გამკლავებას 2 000-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ხანძარი 6 ივლისს დაიწყო და ორეგონის ისტორიაში იგი ყველაზე მასშტაბურია. შტატში შექმნილია 2 საევაკუაციო ცენტრი. ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, დაიწვა, სულ მცირე, 160 საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა–ნაგებობები.
ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ცნობები ამ დროისთვის არც ერთი შტატიდან არ ვრცელდება.
სპეციალისტები ჰაერის მაღალ ტემპერატურას კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი თქმით, მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატება.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის პერიმეტრის მესამედი შეკავებულია.

2021 წელს აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად უკვე დაიწვა თითქმის 49 000 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ცეცხლი ძირითადად დასავლეთ შტატებში ჩნდება. ხანძრების ეროვნული ცენტრმა მიმდინარე წელს 4 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასულ წელს აღრიცხული ხანძრების რაოდენობას.
ტყის ხანძრები მძვინვარებს აშშ–ის მეზობელ ქვეყანა კანადაშიც. მხოლოდ გასულ კვირის განმავლობაში ცეცხლის 150 აქტიური კერა დაფიქსირდა. 2021 წლის იანვრიდან დღემდე კანადაში 4300–ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა.

ამასთან, კანადამ მოქალაქეები გააფრთხილა, რადგან კვამლი მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 2000 კილომეტრზე ვრცელდება. მოხუცებს, ბავშვებსა და გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე პირებს ურჩევენ გარე საქმიანობა შეზღუდონ და მეტი რაოდენობის წყალი მიირთვან, სანამ კვამლი არ გაივლის.


