Accentnews.ge
აშშ ჩინეთს ჯანმო–ს ექსპერტების ქვეყანაში არდაშვების გამო აკრიტიკებს

აშშ ჩინეთს ჯანმო–ს ექსპერტების ქვეყანაში არდაშვების გამო აკრიტიკებს

23/07/2021 06:21:57 მსოფლიო

თეთრმა სახლმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებაზე ჩინეთის უარი "სახიფათო" ქმედებად შეაფასა.

”ღრმად იმედგაცრუებული ვართ. მათი პოზიცია უპასუხისმგებლო და გულწრფელად სახიფათოა. კვლავ მოვუწოდებთ ჩინეთს, უზრუნველყოს მონაცემებსა და ნიმუშებზე საჭირო წვდომა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავერკვეთ, თავიდან ავიცილოთ მომავალი პანდემია”, - განაცხადა თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შეშფოთდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა წაიკითხა, რადგან ის შეიცავს ჰიპოთეზას, რომლის თანახმად ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ კვლევის დროს ვირუსის გაჟონვა გამოიწვია. მისი თქმით, ჩინეთი კვლევის პოლიტიზირების წინააღმდეგია.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ "Covid-19 პანდემიასა და ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას შორის სავარაუდო კავშირის გამორიცხვა ნაადრევია".

იგი მოუწოდებს ჩინეთს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს Covid-19-ის წარმოშობის დადგენაზე მომუშავე მეცნიერებთან.

მისივე თქმით, ჩინეთმა გამოძიების პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, პეკინმა უფრო მკაფიო და ნათელი ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებლებს უხანში მდებარე ლაბორატორიის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთწლიანი გაჭიანურების შემდეგ, 2021 წლის 14 იანვარს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს უჰანში ჩასვლის უფლება მისცა. ქვეყანაში სამი კვირით ჩასულ WHO–ს ჯგუფს პირველი ორი კვირა კარანტინში გაატარებინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ჩინეთში ჩასვლის მიზანი Covid-19–ის წარმოშობის მიზეზების შესწავლა იყო. ისინი ცდილობდნენ, დაედგინათ თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება, მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.

როგორც ექსპერტმა პიტერ ბენ ემბარეკმა იმჟამად განაცხადა, WHO–ს ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა:

"პირველი ჰიპოთეზა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე უშუალო გადაცემას ეხება. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება, გადასცემოდა, რომელშიც ვირუსმა ადაპტირება მოახდინა და ადამიანზე გადაცემამდე ცირკულირებდა. მესამე ვერსია პროდუქტების ჯაჭვს, განსაკუთრებით გაყინულ პროდუქტებს ეხება, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ადამიანზე ვირუსის გადაცემის წყარო ყოფილიყო. და ბოლო ჰიპოთეზა ლაბორატორიაში ინციდენტის შესაძლებლობას უკავშირდება“.

ემბარეკის თქმით, ექსპერტები ყველაზე მეტად სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევდნენ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდ – ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას.

"ამ ვიზიტით მივიღეთ მეტი ინფორმაცია, თუმცა არაფერი ისეთი, რომ Covid-19–ის წარმოშობის შესახებ უკვე არსებული სურათი დრამატულად შეეცვალა", – აცხადებდა ემბარეკი.

ცნობისთვის: დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაავადების გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის უჰანის ე.წ. სველი ბაზრიდან გავრცელდა. სადღეისოდ Covid-19 მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცირკულირებს.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 193 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 4 151 729 ადამიანი იმსხვერპლა. 175 741 160 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S