საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს
22/07/2021 08:10:14 მსოფლიო
ათენის პოლიციამ სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
სამი ათასამდე ადამიანი საბერძნეთის პარლამენტთან მას შემდეგ შეიკრიბა, რაც 21 ივლისს ქვეყნის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა ხანდაზმულთა სახლების და მოვლის დაწესებულებების თანამშრომელთა სავალდებულო ვაქცინაციის პროექტი. პროექტის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან სამუშაოს ხელფასის შენარჩუნების გარეშე უნდა ჩამოშორდნენ თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ არ აიცრებიან. საბერძნეთში სავალდებულო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების აცრაც.
როგორც მედია წერს, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავთა კორდონების გარღვევა სცადეს.
ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ დემონსტრანტები არ დაემორჩილნენ გზის სავალი ნაწილის გახსნის მოთხოვნას და სამართალდამცავებს ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.
სავალდებულო ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა ქალაქ სალონიკშიც. მედიასაშუალებების ცნობით, აქციებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.
- საბერძნეთში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია მოსახლეობის დაახლოებით, 45%.
- ქვეყანაში საბერძნეთში მაისის ბოლოდან ეპიდვითარება შედარებით სტაბილური იყო, თუმცა ივლისში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა: ორი კვირაა, ყოველდღიურად აღირიცხება 2000-დან 3000-ზე მეტი შემთხვევა.
- პანდემიის განმავლობაში საბერძნეთში დაინფიცირდა 466 000-ზე მეტი ადამიანი და 12 800-ზე მეტი გარდაიცვალა.


