
პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს
26/07/2019 08:56:11 სხვა, სამართალი
გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდებას ითხოვს. კერძოდ, როგორც "აქცენტს" დაცვის მხარემ განუცხადა, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის თითო–თითო მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომობით მიმართა.
საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.