რატომ იზრდება ირანელი ტურისტების რაოდენობა სომხეთში
19/07/2021 19:22:29 მსოფლიო
სომხეთის ტურიზმის საბჭოს მონაცემებით, ივნისში ქვეყანაში 8 500 ირანელი ტურისტი ჩავიდა, რაც მაისის მონაცემებს დაახლოებით 3500–ით აჭარბებს. აღნიშნულის მიზეზად ტურისტებისთვის უფასო ვაქცინაცია სახელდება.
კერძოდ ტურისტს, რომელიც ქვეყანაში 10 დღეზე მეტ დროს დაჰყოფს, "ასტრაზენეკას" კოვიდ–საწინაარმდეგო ვაქცინას უფასოდ სთავაზობენ.
”ვაქცინების მეშვეობით ტურიზმის განვითარების სპეციალური გეგმები არ გვქონდა, ეს შემთხვევით მოხდა”, - განაცხადა ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალფრედ კოჩარიანმა და დასძინა, რომ ტურისტები სომხეთში უფასო ვაქცინირებისთვის ინდოეთიდანაც ჩადიან.
ოფიციალური ცნობით, სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 3,5% არის აცრილი. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი "სპუტნიკ V-ს, "ასტრაზენეკასა" და "კორონავაკის" მეშვეობით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ირანს, ოფიციალური ცნობით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა ირანის მოსახლეობის დაახლოებით 2,7% -მა მიიღო.


