უკრაინამ აშშ-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიონი დოზა მიიღო
19/07/2021 13:00:27 მსოფლიო
უკრაინამ აშშ-ისგან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიონი დოზა საერთაშორისო პლატფორმა COVAX-ის მეშვეობით მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ 18 ივლისს განაცხადა, რომ "მოდერნას" მიერ წარმოებული პრეპარატით მოქალაქეთა აცრა რამდენიმე დღეში დაიწყება. პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომლებშიც 50-ზე მეტი თანამშრომელია, ისევე, როგორც მასწავლებლებს და განათლების მუშაკებს, სამართალდამცველებს და მედიცინის სფეროს თანამშრომლებს.
"აშშ-მა უკრაინას 'მოდერნას' ვაქცინის ორი მილიონი დოზა გამოუყო. ეს ნაბიჯი აძლიერებს აშშ-ის დაპირებას COVID-19-ის გლობალური პანდემიის დამარცხების თაობაზე", - წერს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ტვიტერით.
უკრაინაში იმუნიზაციის ეროვნული კამპანია თებერვლის ბოლოს დაიწყო და უკვე გაკეთებულია 4 მილიონამდე დოზა. სრულად ვაქცინირებულია 1,4 მილიონამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 3 პროცენტი.


