„მთავარმა არხმა“ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ღარიბაშვილის გამოსვლა ეთერში პროტესტის ნიშნად არ გაუშვა
19/07/2021 12:42:13 საზოგადოება
"მთავარმა არხმა" ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირდაპირი ეთერი რამდენიმე წუთით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს შეწყვიტა. მედიასაშუალებამ ამ ფორმით გამოხატა პროტესტი უკანასკნელი პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც პასუხისმგებლობას ღარიბაშვილს აკისრებენ.
"აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა", - ეს წარწერა გაჩნდა "მთავარი არხის" ეთერში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დროს.
შემდეგ საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თქვა:
"ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას „მთავარი არხი“ შარლ მიშელის, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების გამოსვლის დროს დაუბრუნდება".
პრემიერის გადადგომას ჟურნალისტების ნაწილი 11 ივლისის შემდეგ ითხოვს, იმართება აქციებიც. მდუმარე აქცია აჭარაში დღესაც გაიმართა. დღესვე ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს:"როდის დატოვებთ თანამდებობას წახალისებული ძალადობის გამო?"; "როდის გადადგებით?“.კითხვას ღარიბაშვილმა არ უპასუხა. ჟურნალისტებთან მორიგი გადაკვეთის შემდეგ კი თავად მიმართა ჟურნალისტებს „როდის გადადგებით?“.


