კოვიდ–ინფიცირებული ახალგაზრდა ქალის საქმეზე, რომელიც საკეისრო კვეთისას გარდაიცვალა, დეტალები ხდება ცნობილი
19/07/2021 08:41:46 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის შესახებ, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ქალი კლინიკაში 15 ივნისს შევიდა, კორონავირუსის ძალიან მძიმე ფორმით - მისი ფილტვების დაზიანება 22 ქულით შეფასდა. ამასთან, მცირდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემა და მის გადასარჩენად სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა:
„პაციენტი შემოვიდა კოვიდდადასტურებული. სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა საკეისრო კვეთაზე, რადგან სატურაცია ჩამოვიდა 70-მდე და ბავშვის გულისცემა შენელდა, ამიტომაც შევიდა საკეისრო კვეთაზე. მშობიარობა იყო ნაადრევი, დედის მომზადებაც ვერ მოხდა მშობიარობისთვის, ისე შევიდა ბლოკში. ახალშობილიც და დედაც გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. დედის მდგომარეობა შემოსვლის დღიდან იყო კრიტიკული, რადგან დადასტურებული იყო 22-ქულიანი პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, მიუხედავად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის, 30 წლამდე გოგონა გარდაიცვალა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, თავად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კორონავირუსით არაა ინფიცირებული:
"ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ".


