„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად"
19/07/2021 08:43:26 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.
როგორც "აქცენტს" სამინისტროდან აცნობეს, "მხარეებმა შეხვედრაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შეერთებული შტატების მხრიდან ვაქცინაციის დონაციის საკითხს. განიხილეს ლოჯისტიკასთან დაკავშირებული თემები, ასევე ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები".
„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც ვიხილეთ მსოფლიოს მაგალითზე, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი - სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი და იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, - აღნიშნა დიპლომატმა.


