"მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია ვაქცინაციის საიტი, ხარვეზები აღარ განმეორდება"
17/07/2021 06:40:15 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია ვაქცინაციის საიტი, ხარვეზები აღარ განმეორდება".
„ფაიზერთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, მუშაობს და კარგია, რომ კონტრაქტი შედგა, მილიონ 350 ათას დოზას ქვეყანა მიიღებს ეტაპობრივად წლის ბოლომდე. რაც ამ კვირაში მივიღეთ, ეს იყო პირველი მოწოდება. ახლა დაიწყო დარეგისტრირების პროცესი, რაც არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ვერ მოასწრო რეგისტრაცია და მას ამისი შესაძლებლობა ძალიან მალე თავიდან აღარ ექნება. რაც შეეხება პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემას, ეს იყო „სონოფარმის“ შემთხვევაშიც, მანამდე კიდევ რამდენიმე ეპიზოდი იყო. ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე და იმის საჭიროებიდან, რომ პრევენციული ზომები მიგვეღო, ჯანდაცვის სამინსტრომ დახმარებისთვის მიმართა სხვადასხვა შესაბამის უწყებას. დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე, ასევე მისი დაცვის საკითხიც და ვფიქრობთ, მსგავსი ხარვეზები აღარ გამეორდება. ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ თემას ვერ ჩავუღრმავდები, ჩვენთვის, როგორც პორტალის მომხმარებლისთვის, მთავარია, ვიცოდეთ, რომ საიტი არის წესრიგში. ამის შესახებ როდესაც გვაქვს წინასწარი დასტური, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ მსგავსი პრობლემები იქნება, ნაკლებია. როგორც ჩანს, არ იყო ის დატვირთვა, რაზეც საიტი არის გათვლილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ "პირველი არხის" ეთერში.


