Accentnews.ge
გახელაძე – რუსეთზე: „რა მაქვს მადლობის სათქმელი?!“

გახელაძე – რუსეთზე: „რა მაქვს მადლობის სათქმელი?!“

16/07/2021 18:57:29 საზოგადოება

მე იმათ [რუსებს] მადლობა რაში გადავუხადო? ჩემს მიწაზე, რომელიც ჩემმა წინაპრებმა დაიცვეს თავიანთი სისხლისა და ოფლის ფასად, დამიჭირეს და დამჭრეს. მე რა მაქვს მათთვის მადლობის სათქმელი?!,– განაცხადა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ.

ინტერვიუში მან უშუალოდ დაკავების ეპიზოდსა და ტყვეობის რთულ ერთ წელიწადზე ისაუბრა.

გახელაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გათავისუფლებაზე იმუშავა და იმედს გამოთქვამს, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფები – ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი დაუბრუნდებიან ოჯახებს.

ცნობისთვის: გასულ წელს დაკავებული 34 წლის ზაზა გახელაძე ცხინვალის იზოლატორიდან დე ფაქტო პრეზიდენტის „შეწყალების“ საფუძველზე 14 ივლისს გაათავისუფლეს. მას ოსური სასამართლოს მიერ "სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისა" და "სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებზე თავდასხმის" ბრალდებით 12,5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ოსური მხარის ინფორმაცით, გახელაძის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ოსურს გახელაძის სანაცვლოდ ვადიმ გობოზოვი გადასცა, რომელიც განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული. საქმე გასული წლის სექტემბერში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხება. მაშინ 39 წლის ალან მუზაშვილმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ 64 წლის ალიკ გობოზოვს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, გობოზოვის ვაჟმა - რუსეთის 40 წლის მოქალაქე ვადიმ გობოზოვმა კი საპასუხოდ ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით მამამისზე თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაჭრა, - იუწყებოდა მაშინ რუსული მედია.

თავის მხრივ, საქართველოს შსს-ში მაშინ საქმის სსკ-ის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრვის თაობაზე განაცხადეს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვადიმ გობოზოვი წინასწარ პატმრობაში იმყოფებოდა. მის საქმეს გორის საქალაქო სასამართლო განიხილავდა. როგორც პორტალი Qartli.ge წერს, ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოითხოვეს და ივნისის თვის მდგომარეობით, მიმდინარეობდა მათი შერჩევა.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადების თანახმად, გობოზოვი "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა", რომელიც გასული წლის სექტემბერში "ნეიტრალური ტერიტორიიდან, ზემო ლარსიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო გატაცებული და პატიმრობაში იმყოფებოდა».

ცხინვალის ვერსიით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძის გათავისუფლება და გობოზოვში გაცვლა "სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის შუამდგომლობითა და ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე" გადაწყვიტა.

გათავისუფლების შემდეგ გობოზოვი ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვს შეხვდა და მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ზაზა გახელაძის გათავისუფლების დეტალებსა და ოსური მხარისთვის გობოზოვის გადაცემაზე საუბარს თავს არიდებს.

„ბევრ ვერსიას მოუსმენთ. ჩემი თხოვნაა, არ მოუსმინოთ, შეხედეთ შედეგს“,– განაცხადა თემის კომენტირებისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვლმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S