Accentnews.ge
კიევი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

კიევი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

16/07/2021 14:49:17 პოლიტიკა

კიევი უკრაინის ორი მოქალაქის მიმართ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. უკრაინული მხარის ეს პოზიცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დროებითი დიპწარმომადგენლის წინაშე დააფიქსირა.

საუბარია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე იური ხომიჩისა და ვლადიმირ დიაჩენკოს საქმესთან დაკავშირებით, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 4-4-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

თურქეთის მიმართულებით იახტით მოძრავი ხსენებული პირები მესაზღვრეებმა გასულ წელს საქართველოს სანაპიროსთან დააკავეს. აღმოჩნდა, რომ იახტის მფლობელი - საქართველოს მოქალაქე მიხეილ ბატურინი ადრე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს დროებითი დიპლომატიური რწმუნებული უკრაინის საგარეო უწყებაში იქნა დაბარებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე "უსამართლოდ და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობისთვის შეუსაბამოდ" მიიჩნევს.

«საქართველოს სამართალწარმოებში ჩაურევლად მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გადახედოს და უკრაინის მოქალაქეები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. უკრაინის საგარეო უწყება და საქართველოში ჩვენი საელჩო მომავალშიც მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს წარადგენენ», – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ 19 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბათუმში, ევროინტეგრაციის საკითხებზე დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S