"Covid-19 პანდემიასა და ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას შორის სავარაუდო კავშირის გამორიცხვა ნაადრევია"
16/07/2021 10:29:00 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ "Covid-19 პანდემიასა და ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას შორის სავარაუდო კავშირის გამორიცხვა ნაადრევია".
იგი მოუწოდებს ჩინეთს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს Covid-19-ის წარმოშობის დადგენაზე მომუშავე მეცნიერებთან.
მისივე თქმით, ჩინეთმა გამოძიების პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, პეკინმა უფრო მკაფიო და ნათელი ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებლებს უხანში მდებარე ლაბორატორიის შესახებ.
ამერიკულ მედიაში ბოლო დროს ვრცელდება მოსაზრება, რომ ვირუსი პირველად ჩინეთის ლაბორატორიაში გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ თითქმის ერთწლიანი გაჭიანურების შემდეგ, 2021 წლის 14 იანვარს ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს უჰანში ჩასვლის უფლება მისცა. ქვეყანაში სამი კვირით ჩასულ WHO–ს ჯგუფს პირველი ორი კვირა კარანტინში გაატარებინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ჩინეთში ჩასვლის მიზანი Covid-19–ის წარმოშობის მიზეზების შესწავლა იყო. ისინი ცდილობდნენ, დაედგინათ თუ როდის, სად და როგორ მოხდა მისი გავრცელება ადამიანებში და როგორ შეიძლება, მომავალში მსგავსი პანდემიების პრევენცია.
როგორც ექსპერტმა პიტერ ბენ ემბარეკმა იმჟამად განაცხადა, WHO–ს ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა:
"პირველი ჰიპოთეზა ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე უშუალო გადაცემას ეხება. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება, გადასცემოდა, რომელშიც ვირუსმა ადაპტირება მოახდინა და ადამიანზე გადაცემამდე ცირკულირებდა. მესამე ვერსია პროდუქტების ჯაჭვს, განსაკუთრებით გაყინულ პროდუქტებს ეხება, რომელთა ზედაპირი, შესაძლოა, ადამიანზე ვირუსის გადაცემის წყარო ყოფილიყო. და ბოლო ჰიპოთეზა ლაბორატორიაში ინციდენტის შესაძლებლობას უკავშირდება“.
ემბარეკის თქმით, ექსპერტები ყველაზე მეტად სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევდნენ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოდ – ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის თეორიას.
"ამ ვიზიტით მივიღეთ მეტი ინფორმაცია, თუმცა არაფერი ისეთი, რომ Covid-19–ის წარმოშობის შესახებ უკვე არსებული სურათი დრამატულად შეეცვალა", – აცხადებდა ემბარეკი.
ცნობისთვის: დღემდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაავადების გავრცელების შესახებ შეიტყო, წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მისი ზუსტი წარმოშობის მიზეზი დადგენილი არ არის. პირველადი ინფორმაციით, ის უჰანის ე.წ. სველი ბაზრიდან გავრცელდა. სადღეისოდ Covid-19 მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცირკულირებს.
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 189 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 4 085 661 ადამიანი იმსხვერპლა. 173 232 757 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


