მედია – კრემლს ტრამპის შესახებ კომპრომატები აქვს
15/07/2021 16:42:44 მსოფლიო
რუსეთს აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის შესახებ კომპრომატები აქვს, – იუწყება The Guardian კრემლიდან გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
"კრემლში 2016 წელს გამართული მაღალი დონის შეხვედრის ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთს აშშ–ის იმჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის შესახებ კომპრომატები ჰქონდა. როგორც ირკვევა, ეს მაღალი დონის შეხვედრა იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 2016 წლის 22 იანვარს გაიმართა და მას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და დაზვერვისა და სამხედრო სამსახურების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ", – იუწყება The Guardian და დასძენს, რომ აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შესახებ დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ.
მისივე ცნობით, დოკუმენტებში ნათქვამია, რომ "დახურული შეხვედრის მთავარი თემა იყო, როგორ დახმარებოდა რუსეთის დაზვერვის სამსახური ტრამპს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში".
"რუსი ოფიციალური პირები თვლიდნენ, რომ ტრამპის გამარჯვება დაეხმარებოდა რუსეთს აშშ–ში დესტაბილიზაციის განხორციელებაში. დოკუმენტებში მოცემული იყო ტრამპის ფსიქოლოგიური პროფილი, რომელიც მას აღწერდა, როგორც "ფსიქიკურად არასტაბილურს". დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მონაცემები შეგროვდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ტრამპის არაოფიციალური ვიზიტების დროს", – იუწყება გამოცემა.
როგორც The Guardian წერს, პირველად ინფორმაცია, რომლის თანახმად, კრემლს ტრამპზე კომპრომატები ჰქონდა, 2016 წელს გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა გაავრცელა და იგი 2016 წელს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა.
"დაზვერვის ოფიცერის მიერ გამოქვეყნებული დოსიე, შეიცავდა ვიდეოსაც, რომელშიც დოსიეს ავტორის თქმით, მეძავები ტრამპის გასართობად სასტუმროს ნომერში, ლოგინზე შარდავდნენ. იმჟამად ტრამპმა დოსიეში შეგროვებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო", – წერს გამოცემა.
რუსეთმა The Guardian- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და მას "ფანტაზიის ნაყოფი" უწოდა.


