მედია – რუსეთი ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს აანონსებს
15/07/2021 13:32:29 მსოფლიო
რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ავღანეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს აანონსებს. როგორც რუსული მედია იუწყება, აგვისტოდან სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში სწავლებები გაიმართება უზბეკეთში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, ხოლო სექტემბერში – ყირგიზეთში.
მისივე ცნობით, რუსული მხრიდან სწავლებებში მონაწილეობას მიიღებენ სამთო და მოტომსროლელი ნაწილები, აერომობილური დანაყოფები, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების ძალები, ავიაცია და არტილერია. წვრთნებში ჩართულები იქნებიან ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზების საჰაერო ჯგუფები და S-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა. სწავლებები ძირითადად შეეხება „უკანონო შეიარაღებული ჯგუფების განეიტრალებას, ასევე უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას“. აღნიშნულის შემდეგ უკვე შედგება ერთობლივი მანევრირება სახელწოდებით „მშვიდობიანი მისია – 2021“.


