
სანიკიძე ოქრუაშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს: „ლაშქარი დაერია“
25/07/2019 17:13:39 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მისი თანაგუდელის – ირაკლი ოქრუავილის დაკავების დეტალებს იხსენებს.
„სადღაც, 19:00 საათის ფარგლებში ჩვენ კოტე კემულარიასთან უნდა შევკრებილიყავით. იქ ვიკრიბებით ხოლმე ხშირად და გავდივართ დღისწესრიგს. ზუსტად მიმავალ გზაზე გააჩერეს ირაკლი ოქრუაშვილის მანქანა. ლამის სპეცოპერაცია მოუწყვეს 20–მდე მანქანით. მთელი ლაშქარი დაერია, გადაუკეტეს მის მანქანას გზები და დააპატიმრეს...ეს ყველაფერი არის შედეგი იმ ალიყურისა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო „გამარჯვებული საქართველოსგან“, განსაკუთრებით, ირაკლი ოქრუაშვილისგან. ეს არის პასუხი „რუსთავი 2“–თან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დაედგინა, რა მოხდა სინამდვილეში, პოლირტიკური დევნა დაიწყეს“,– განაცხადა სანიკიძემ.
დაკავების დეტალები გაიხსენა კემულარიამაც:
„ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით, რომ ბოლო დროის მოვლენები განგვეხილა. ასე დადგეს სპექტაკლი, სადამსჯელო ოპერაცია იყო. ეს იყო სხვების შეშინების მცდელობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არავის ეშინია, პოლიტიკოსს არასდროს ეშინია დაჭერის", - აღნიშნა კემულარიამ.
სანიკიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა: "ბიძინა, იდიოტების მართვა ადვილია, მაგრამ იდიოტებით მართვა – რთული და ეს არის შენი სერიოზული შეცდომა და როგორც ჩანს, იმაზე ადრე დაამთავრებ, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციონერი ფიქრობს. ოქრუაშვილის დაჭერა ცუდად აქვთ დაცდილი ხელისუფლებებს".
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფური ძალადობის ორგნიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება. ამ ეპიზოდზე გამოკითხვაზე გუბაზ სანიკიძეც დაიბარეს.
შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.
ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“.
315–ე მუხლი სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობით დამხობას გულისხმობს, თუმცა ამ ეპიზოდზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი.
რა მოხდა 20-21 ივნისს
თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა – 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის.
21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.