ვებ–გვერდი, რომელზეც “ფაიზერით” აცრის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს
14/07/2021 11:29:50 საზოგადოება
ვებ–გვერდი booking.mov.gov.ge, რომელზეც “ფაიზერით” აცრის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, ამ დროისთვის [15:28] შეფერხებით მუშაობს.
საიტზე შეფერხება დაახლოებით 15:00 საათიდან ფიქსირდება, იმ დროიდან, როცა “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.
"ფაიზერით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 სთ–დან შეეძლებათ, აცრის პროცესი 16 ივლისიდან დაიწყება", – აცხადებდა ჯანდაცვის სამინისტრო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში "ფაიზერის" 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის საიტს პრობლემები შეექმნა 3 ივლისსაც. მაშინ ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ვებ–გვერდზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.


