პუტინმა კადიროვის დედა „ქველმოქმედებისათვის“ დააჯილდოვა
14/07/2021 10:42:08 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დედა აიმანი კადიროვა „ქველმოქმედებისათვის“ საპატიო ნიშნით დააჯილდოვა. "რადიო თავისუფლების" ჩრდილოკავკასიური სამსახურის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ ინტერნეტპორტალ „სამართლებრივ ინფორმაციაში“ გამოქვეყნებულ ბრძანების ტექსტში, რომლის თანახმად, აღნიშნული ჯილდო აიმანი კადიროვას „საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის“ მიენიჭა.
აიმანი კადიროვა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის სახელობის, რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის თავმჯდომარეა.იგი მანამდეც არაერთხელ არის დაჯილოდებული. 2005 წელს აიმანი კადიროვა ჩეჩნეთის „წლის ადამიანად“ აღიარეს. იმავე წელს მას მიანიჭეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის ტიტული. ხოლო 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, აიმანი კადიროვა ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, აიმანი კადიროვას მიერ მართულ ფონდში ფულის გადარიცხვას მსხვილ ჩეჩენ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და ასევე საბიუჯეტო უწყებების თანამშრომლებს აიძულებენ.
2018 წლის მონაცემებით, ახმად კადიროვის ფონდის ქონება 2 მილიარდ რუბლს შეადგენდა.
რამზან კადიროვის დედა აშშ-ის მიერ „გლობალური მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე შემუშავებული სანქციების სიაში იმყოფება. ამ სიას ვაშინგტონი ადამიანის უფლებათა დარღვევაში მხილებული პირების სამართლებრივი დევნისთვის იყენებს.


