მედია – ევროკავშირი უკრაინას „უსაფრთხო ქვეყნების სიაში“ დაამატებს
14/07/2021 09:46:43 მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიაში უკრაინა დაამატონ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი რიკარდ ოიზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
მისვე თქმით, სია ხვალ განახლდება.
ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო მესამე ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირისა და შენგენის წევრ ქვეყნებში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ, 2-კვირაში ერთხელ ახლდება.
30 ივნისის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს 11 ქვეყანა, მათ შორის, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა დაემატა. ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
დღემდე ამ სიაში იყვნენ: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და შეერთებული შტატები.
2020 წლის ივნისიდან ამ სიაში საქართველოც იყო, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემდეგ, 22 ოქტომბერს საქართველო სიიდან ამოიღეს.


