Accentnews.ge
უგულავა – მის შესაძლო დაკავებაზე: „უნდათ? აქ ვარ!“

უგულავა – მის შესაძლო დაკავებაზე: „უნდათ? აქ ვარ!“

25/07/2019 16:52:34 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის „რუსთავი 2“–ის საქმეს, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენას მმართველი გუნდის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ „მუსკულების ჩვენებად“ აფასებს.  

ამასთან, პოლიტიკოსი არც მის დაკავებას გამორიცხავს, თუმცა ირწმუნება, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს. 

„არ ვიცი და არც მაინტერესებს. უნდათ? აქ ვარ. ტყუილია ეს ყველაფერი. ეს კაცი ისე გადავიდა ჭკუიდან, რომ საზოგადოებას მხოლოდ პროკურორის ენით ელაპარაკება. ვინც ამ ენაზე მეტყველებს, ასევე ამთავრებს“, –განაცხადა უგულავამ „პირველის“ ეთერში. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფული ძალადობის ორგნიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება. ამ ეპიზოდზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა გიგი უგულავაც. 

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.

ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“. 

315–ე მუხლი სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობით დამხობას გულისხმობს, თუმცა ამ ეპიზოდზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S