"1500-ზე მეტი შემთხვევა საკმაოდ კრიტიკული ზღვარია იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები"
13/07/2021 08:06:32 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას ხელი სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის აქციებმა შეუწყო და 1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია.
„არ არის რთული გასაგები, რამ შეუწყო ხელი ინფიცირებულთა ზრდას. ბოლო პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად დავრჩით ქმედითი შეზღუდვების გარეშე. მათ შორის, ღამით მოძრაობის შეზღუდვის გარეშე. ბოლო პერიოდში, მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე. ბავშვთა ბანაკებიც იყო აქტიური და შესაძლოა, ბავშვთა ბანაკებიც და სპორტული ღონისძიებებიც ინფექციის გავრცელების ხელშემწყობი იყო. დღეს ყველას გვესმის, რომ 1500-ზე მეტი შემთხვევა არის კრიტიკული ზღვარი იმისთვის, რომ სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში ინფიცირების 1862 შემთხვევა გამოვლინდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 პირი გარდაიცვალა. ბოლოს რეკორდული ნამატი (2 171 შემთხვევა) 5 მაისს დაფიქსირდა.


