"საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული, იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს"
13/07/2021 07:56:51 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის (დელტა) სულ 72 შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე თქმით, ამ ფონზე იზრდება რისკები, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.
„ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს დელტა შტამი, უკვე ქვეყანაში 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რა თქმა უნდა, რისკები იმისა, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს, იზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ბავშვებს უფრო ადვილად აზიანებს.
„ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია 20%-ზე მეტია. იცით, რომ ევროპაში პროგნოზია „დელტა“ შტამი ბრიტანულს თანდათან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაანაცვლებს. „დელტა“ შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ესეც შეინიშნება, არის ზრდა გარკვეულად ბავშვების ინფიცირების და ბავშვებთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთვის. გეთანხმებით, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. თუ არ გვინდა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცვათ ის, რაც დადგენილია -დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება თუ რამდენიმე ადამიანია ერთად და აცრა და აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


