მეუფე ანტონი – მედიას: "თქვენ გარდააცვალეთ ლექსო"
13/07/2021 07:12:34 საზოგადოება
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ელჩების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.
მეუფეს ჟურნალისტებმა 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტება, რომლითაც ის ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდა - "ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართო".
მიტროპოლიტმა თქვა, რომ მოძალადეები ელჩები და ჟურნალისტები არიან.
"შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო [მიმართავს ჟურნალისტებს], აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.
პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა. რუსტაველზე რომ გამოსულიყო... ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე. რატომ გვილახავთ ღირსებას უმრავლესობას? თქვე მოძალადეებო, თქვენს სახელს ჩვენ ნუ გვარქმევთ", - თქვა მიტროპოლიტმა.
მანვე მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს. ამასთან, მიტროპოლიტი ერთერთ ჟურნალისტს ცხვირზე შეეხო: "პიპიიპ. ხელით არ გეხებით, დავაპიპინე".
ცნობისთვის: "ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
ლექსოს გარდაცვალების შემდეგ რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციები იმართება, სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ. 12 ივლისს პრემიერმა განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.
შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.
"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.
"აქცენტი" დაინტერესდა, დაკავებულია თუ არა ნარკომოვაჭრე, რომლისგანაც ლაშქარავამ შსს–ს მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამ საკითხზე ბრიფინგზე შსს–ს მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს. შსს–ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


