
საფრანგეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია მედიკოსებისთვის სავალდებულო ხდება
13/07/2021 05:34:14 მსოფლიო
საფრანგეთში 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად.
მისი თქმით, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამი (დელტა) სწრაფად ვრცელდება და ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ საფრანგეთი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვისაც კონტაქტი აქვს მოწყვლად ჯგუფებთან და, შესაბამისად, ვრცელდება ყველაზე, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, კლინიკებსა და მოხუცთა თავშესაფრებში.
ამასთან, ფასიანი ხდება PCR კოვიდ ტესტებიც. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეს ექიმის რეცეპტი არ ექნება, მას ტესტისთვის გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთში კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის დაახლოების 40%-ს აქვს გაკეთებული.