
კუბაში ანტისამთავრობო აქციების ათობით მონაწილე დააკავეს
13/07/2021 05:27:04 მსოფლიო
კუბაში გამართულ მასობრივ ანტისახელისუფლო დემონსტრაციაზე ათობით ადამიანი დააკავეს.
კუბაში ანტისამთავრობო აქციების ათასობით მონაწილე ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს, ფასების ზრდასა და მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავებას აპროტესტებს.
ეს ათწლეულების განმავლობაში კუბის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო. დემონსტრაციები კუბის 20-მდე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ჰავანაში გაიმართა. „თავისუფლება“ და „ძირს დიქტატურა“ სკანდირებდნენ მომიტინგეები.
პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა შექმნილ არეულობაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. მისი თქმით, მომიტინგეები აშშ-ის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან, რომელთა მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა და საკუთარ მომხრეებს მათთან დაპირისპირებისკენ მოუწოდა.