
მმართველი გუნდის დეპუტატი აშშ–ის საელჩოსგან განმარტებებს ითხოვს
25/07/2019 13:18:17 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი აშშ–ის საელჩოსგან მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტებებს ელის. საქმე ეხება საელჩოს 25 ივლისის განცხადებას TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. საელჩომ ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროითი გარემოებების გამო შეშფოთება გამოთქვა.
"შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამ განცხადებას, მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ თვითონ აშშ–ში არაერთხელ მომხდარა ის, რომ წარმატებული ბიზნესმენების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გაჩენილა კითხვები და ისინი აღმომჩდარან სასამართლოს წინაშე. ტრაგიკული და უპრეცედენტო არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში. პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, ყოველდღიურად ხდება ასეულობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სხვადასხვა მიმართულებით... პროკურატურა არც ანაკლიის კონსორციუმს, არც ხელისუფლებას და არც სხვებს არ უთანხმებს, როდის უნდა მოხდეს ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება. ამ ყველაფერს გაგებით ვეკიდებით, რადგან საქმე ეხებათ უმსხვილეს ბიზნესმენებს, მამუკა ხაზარაძე დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან...რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩომ უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტება, კონკრეტულად რას გულისხმობს. მართებული იქნება, აშშ–ის საელჩომ უფრო ნათელი და ღია განცხადება გააკეთოს. ვფიქრობ, განცხადების მიხედვით, საელჩომ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ანაკლიის პროექტის მხარდაჭერა. ხაზი გაუსვა, რომ აქ ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ამ პათოსს ვიზიარებ,",– განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა "პირველის" ეთერში და დასძინა, რომ ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის ანაკლიის პორტთან დაკავშირება არასწორია, რადგან საქმე სხვადასხვა "ქეისებს" ეხება.
მისივე თქმით, სამართლებრივი პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის კონტექსტსა და დროის გარემოებებთან დაკავაშირებით შეშფოთება გამოთქვა:
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.
მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.
ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.