Accentnews.ge
ვანსა და თბილისში გამოფენა  “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი” გაიმართება

ვანსა და თბილისში გამოფენა  “სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი” გაიმართება

12/07/2021 18:12:02 საზოგადოება

2021 წლის 17 ივლისიდან ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" გაიხსნება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან.

ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს.

"გრძელდება იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან: ამჯერად საქართველოს პირველად სტუმრობს ექსპოზიცია პომპეიდან, რომელიც ჯერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, ორი თვის შემდეგ კი თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამგვარი დონის გამოფენას რეგიონული მუზეუმი მასპინძლობს.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს, გაეცნოს ორი ათასი წლის წინ მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული ანტიკური ქალაქის ყოფასა და ყოველდღიურობას. გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი არტეფაქტები, როგორიცაა ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ორნამენტები, არქიტექტურული დეკორი, სკულპტურები და ფრესკები, რომლებიც ოდესღაც ანტიკური ქალაქის სახლების კედლებს ამშვენებდა, ასევე, ძვირფასი სამკაულები და ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის ფიგურები.

ექსპოზიცია, რომლის კურატორი პომპეის არქეოლოგიური პარკია, საქართველოში ტარდება იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით და იტალიურ კომპანია "Glocal Project Consulting"-სთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია იმ საგამოფენო ინიციატივების გაგრძელებაა, რომლებიც უკანასკნელ წლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა და უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: ეს გამოფენები 250.000 დამთვალიერებელმა მოინახულა.

გამოფენა "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი", რომელიც 17 ივლისს ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება, ვანის ნაქალაქართან პარალელის გავლების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. გამოფენა მნახველისთვის ღია იქნება ვანში სექტემბრის თვის შუა რიცხვებამდე, რის შემდეგაც საქართველოს დედაქალაქში გადმოინაცვლებს " - აცხადებენ საელჩოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S