„ეს ლექსოს მეორედ მკვლელობაა!“– შსს–ს ბრიფინგის შემდეგ დემონსტრანტები „ოცნების“ სათაო ოფისისკენ მიემართებიან
12/07/2021 18:00:11 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები მსვლელობას „ქართული ოცნების“ სათაო ოფისის მიმართულებით მართავენ. მათი მოთხოვნაა, უზრუნველყოს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, რომელსაც 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე აკისრებენ პასუხისმგებლობას.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ, "მონებო!". ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
დემონსტრანტებთან ერთად იმყოფება მამა ზაზა თევზაძე, რომელმაც მიუღებელი უწოდა შსს–ს მიერ გუშინ ირიბად, დღეს კი ღიად გაცხადებულ ვერსიას ლაშქარავას ზედოზირებით გარდაცვალების თაობაზე:
„ეს მეორედ მკვლელობა ლექსო ლაშქარავასი. მათ საზოგადოებას სიკვდილის ის ვერსია წარუდგინეს, რომელიც მის ხსოვნას, პატივს შეურაცხყოფს. ეს თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფაა. ვნახეთ, როგორც იქნა გატაცებული მისი ცხედარი, პროტოკოლის დაცვის გარეშე, ამის შემდეგ მსავსი განცხადება კეთდება, რომ ზედოზირების მსხვერპლი გახდა, რაც მძიმედ მოსასმენი, მიუღებელია! ნორმალური ადამიანი მსგავს განჩინებას ვერ მიიღებს“.
დიანა ჯოჯუამ განაცხადა, რომ შსს–ს განცხადება ლაშქარავას „მეორედ მკვლელობაა.
„ლექსოს სიცოცხლე ვერ დავიცავით, მაგრამ მის შვილს ვაჩვენებთ, რომ ლექსოს კოლეგებს ერთად დგომა შევიძლია. „ოცნების“ მომხრეებისთვისაც უკეთესია, „გადმოაგდონ“ ღრაიბაშვილის „თავი“, დანიშნონ ვინმე პროევროპელი ოცნებელი“,– განაცხადა თეა ადეიშვილმა.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა დღეს შსს–ში განაცხადეს, რომ ქიმიური ექსპერტიზის, გვამში სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა და შესაძლოა, გარდაცვალება ზედოზირებას გამოეწვია.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


