“ლექსოს ოჯახში მისვლა და პანაშვიდის გადახდა მინდა, მაგრამ მრცხვენია”
12/07/2021 15:38:52 საზოგადოება
დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს ლექსო ლაშქარავას ოჯახში მისვლა და მიცვალებულის სულისთვის პანაშვიდის გადახდა, მაგრამ ვერ ბედავს.
“მინდა ლექსოს ოჯახში მისვლა და პანაშვიდის გადახდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები. ასე მგონია, მეც დამნაშავე ვარ… მეც შევცდი მაშინ, როცა წლების წინ ძალადობა კიდევ უფრო ხმამაღლა არ გავაპროტესტე!..
როგორ, როგორ შევძლო მისვლა… გუშინ ქუჩაში გავიარე და გინება გამომაყოლეს… სულ მოძალადე და ბნელების მხარე იძახეს… თქვენ ფიქრობთ ეს ყველაფერი ასე ადვილია?
ეს ყველაფერი უსიყვარულობის, ძალადობის გამართლების, სხვაზე გადაბრალების ბრალია!..” – წერს სასულიერო პირი “ფეისბუქზე”.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


