მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა
12/07/2021 12:55:34 მსოფლიო
წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა.
ხმების 100% უკვე დათვლილია. არსებული მონაცემებით, სანდუს პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“, რომელიც პროდასავლურ ძალად ითვლება, ხმათა 52.8% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ, "კომუნისტების და სოციალისტების ბლოკმა"(BeCS), რომელსაც კრემლის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს, – 27.17%.
დანარჩენ ხმებს 20-მდე პარტია და კოალიცია იყოფენ.
არსებული მონაცემებით, მაია სანდუს 101-წევრიან პარლამენტში 62 დეპუტატი, დოდონის ბლოკს კი – 32 ეყოლება.
რამდენიმე თვით ადრე, 2020 წლის 15 ნოემბერს, მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა, პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა და მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. სანდუ და მისი პარტია ევროკავშირთან მჭიდრო კავშირს ემხრობიან.


