ბასილ კობახიძე: "ილია II-ს დაკავებაზე ჩემი განცხადება ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეებს დააბრალა"
12/07/2021 12:25:41 საზოგადოება
თეოლოგი, ყოფილი მღვდელი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორეს დაკავების თაობაზე მისი მოთხოვნა აქციის მონაწილეებს დააბრალა.
ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ დავუსახელებივარ, მაგრამ ჩემი განცხადება გააჟღერა პატრიარქ ილია მეორის დაკავებაზე პოლიციის მიერ. პრემიერმინისტრმა ჩემი განცხადება გუშინდელ მანიფესტაციაზე გამომსვლელებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს დააბრალა. სინამდვილეში, მხოლოდ მე მოვითხოვე ილია მეორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. ღარიბაშვილი დემაგოგიურად იყენებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტს თავისი შერყეული ძალაუფლების განსამტკიცებლად და მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების დასაშინებლად. ანტიეკლესიურები ხართო, გაჰყვირის ის. პატრიარქი, მოსაყდრე შიო და კიდევ მრავალი სასულიერო პირი მართლაც უნდა დააკავოს პოლიციამ ძალადობის ორგანიზებისათვის, ისევე, როგორც თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იმავე დანაშაულისათვის. ღარიბაშვილს შევახსენებ, ვარდების რევოლუციის დროს პარლამენტში შევარდნაძის სულ უკანასკნელ სიტყვებს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“.
აქციის ორგანოზატორებმა მსგავს მოთხონასთან კავშირი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ ეს წამქეზებლური გზავნილი და მეტიც, თავად პატრიარქის დამცირებაცაა.


