„როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? მოდით და ჩამქოლეთ!“- მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა
12/07/2021 09:54:52 საზოგადოება
სტანდალური განცხადებებით ცნობილ ბოდბელ ეპისკოპოსს, მეუფე იაკობს, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას რუსთაველზე იმყოფებოდა და მომხდარზე პასუხისმგებლობას არა მოძალადეებს, არამედ „თბილისი პრაიდს“ აკისრებდა, მრევლის წევრი დაუპირისპირდა.
ქალბატონმა მეუფეს უთხრა, რომ მედიაზე ძალადობა მისი დამსახურებაა.
"როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ! როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები? ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, რატომ, რისთვის? ხედავთ იმ კადრებში. მოდით და ჩამქოლეთ ახლა", - მიმართა მრევლის წევრმა მეუფე იაკობს.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


